Friday, May 11, 2012

ალავერდი




ალავერდი
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.

ნეკრესის ისტორია.

                                  ნეკრესი.
ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთერთი თვითმყოფადი კუთხის-კახეთის უძველესი კულტურის ცენტრი იყო.კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში სოფელ შილდის მახლობლად,კავკასიონის ქედის განშტოებაზე.სწორედ აქ იქნა აგებული ერთერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე IV საუკუნის მეორე ნახევარში.ხოლო VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება.ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის აბიბოსის სახელთან,რომელიც იყო 13 ასურელ მამათაგან ერთერთი,შემდგომში ნეკრესის მღვდელმთავარი,მისი ხსენების დღე 12 დეკემბერია.ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

Thursday, May 10, 2012

გრემის,ალავერდის, ნეკრესის ისტორია.

                                                                  გრემი   
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი,გრემი აგებულია  კახეთის მეფის,ლევანის თაოსნობით 1565 წ.მისი
მოხატვა 1577წ. დასრულდა.  არქიტექტურული კომპლექსი სამი ნაწილისგან შედგება: 1.მთავარანგელოზთა კომპლექსი-მთავარანგელოზის  ეკლესია, სამსართულიანი სასახლე,სამრეკლო დასამეურნეო ნაგებობანი.
2.სამეფო  რეზიდენცია-სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი,აგურით ნაგები აბანო
.3.სავაჭრო უბანი-სწორკუთხა დახურული ბაზარი(ქულბაქები) დასასტუმრო(ქარვასლა)
. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა კერამიკული მილების ქსელი.ამ მილებით მთელი ქალაქი იყო დასერილი და მას კომუნალური დანიშნულება ჰქონდა, უფრო დიდი არხებით კი, როგორც ჩანს, ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა.გრემში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა იმპორტული კერამიკაც, უმეტესად სპარსული და ჩინური წარმომავლობისა.