Friday, May 11, 2012

ალავერდი




ალავერდი
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.

ნეკრესის ისტორია.

                                  ნეკრესი.
ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთერთი თვითმყოფადი კუთხის-კახეთის უძველესი კულტურის ცენტრი იყო.კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში სოფელ შილდის მახლობლად,კავკასიონის ქედის განშტოებაზე.სწორედ აქ იქნა აგებული ერთერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე IV საუკუნის მეორე ნახევარში.ხოლო VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება.ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის აბიბოსის სახელთან,რომელიც იყო 13 ასურელ მამათაგან ერთერთი,შემდგომში ნეკრესის მღვდელმთავარი,მისი ხსენების დღე 12 დეკემბერია.ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

Thursday, May 10, 2012

გრემის,ალავერდის, ნეკრესის ისტორია.

                                                                  გრემი   
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი,გრემი აგებულია  კახეთის მეფის,ლევანის თაოსნობით 1565 წ.მისი
მოხატვა 1577წ. დასრულდა.  არქიტექტურული კომპლექსი სამი ნაწილისგან შედგება: 1.მთავარანგელოზთა კომპლექსი-მთავარანგელოზის  ეკლესია, სამსართულიანი სასახლე,სამრეკლო დასამეურნეო ნაგებობანი.
2.სამეფო  რეზიდენცია-სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი,აგურით ნაგები აბანო
.3.სავაჭრო უბანი-სწორკუთხა დახურული ბაზარი(ქულბაქები) დასასტუმრო(ქარვასლა)
. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა კერამიკული მილების ქსელი.ამ მილებით მთელი ქალაქი იყო დასერილი და მას კომუნალური დანიშნულება ჰქონდა, უფრო დიდი არხებით კი, როგორც ჩანს, ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა.გრემში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა იმპორტული კერამიკაც, უმეტესად სპარსული და ჩინური წარმომავლობისა.                                      

Sunday, April 29, 2012

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ქართული ხუროთმოძღვრება-ჩვენი ეროვნული სიამაყე.   

პროექტის  მთავარი იდეა: კახეთის ხუროთმოძღვრების მარგალიტების-გრემის,ნეკრესის,ალავერდის,ისტორიის შესწავლა და მათი ნახვა.

პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები კიდევ ერთხელ გადახედავენ საქართველოს წარსულს, გაიხსენებენ ქართველთა ვაჯკაცობას, რჯულისა და სამშობლოსადმი მათ სიყვარულს,და რომ ქართველმა ხალხმა მთელი თავისი ისტორია ეროვნული გადარჩენის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულ ბრძოლაში გამოატარა.

პროექტის მიზნები:1.თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია გაუფრთხილდეს წინაპრების მიერ დატოვებულ სიმდიდრეს, იმისათვის რომ გვიყვარდეს ჩვენი მშობლიური კულტურა,კარგად უნდა ვიცნობდეთ მას.  2. ქართველთა წინაპრების თავგანწირვის მაგალითზე პატრიოტული სულისკვეთების გაღვიძება. 3.ქართული მუსიკის(საგალობლების) მშვენიერების დანახვა მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 4. ქართული ხელოვნების ნიმუშების ნახვა.

მონაწილეთა ასაკი:15-17 წელი.

 ვადები|ხანგრძლივობა:1.ინფორმაციის მოძიება-ორი დღე.
                                     2.ექსკურსია-ერთი დღე
                                     3.შთაბეჭდილებების ჟურნალის გამოცემა-ორი დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: 1.საქართველოს წარსულის შესწავლა.
 2.ძველი და ახალი ქართული საგალობლების გაცნობა.                                                                                3.ხელოვნების ნიმუშების შესწავლა. 
                                                                                                 
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი, თაბახის ფურცლები,ისტორიის,ხელოვნების, მუსიკის სახელმძღვანელოები, ციფრული აპარატი,ტრანსპორტი.

პროექტის  მსვლელობა: 1. ინფორმაციის მოძიება აღნიშნული ძეგლების შესახებ .2.ძველი და ახალი საგალობლების მოძიება. 3. საეკლესიო არქიტექტურის გაცნობა. 4.ექსკურსია-ისტორიული ძეგლების თვალსაჩინოდ ნახვა. 5. შთაბეჭდილებების  ჯურნალის გამოცემა.

საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,მუსიკა,ხელოვნება.

პროექტის ხელმძღვანელი  :ნანა კაპანაძე

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა   www .:nanikokapanadze@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი www ..nanikokapanadze.blogspot.com